logo
ENG



მედიკოსები პროგნოზირებენ, რომ დაინფიცირებულ ექთნებსა და ექიმებს მუშაობა მოუწევთ

16 აპრ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიასთან სასიკვდილო ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები მთავრობამ მიატოვა, ეკლესიამ კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის გარიგების შემდეგ სპეციალისტები პირდაპირ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ შესაძლოა, საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და კუბოები ვეღარ დავთვალოთ! 

სპეციალისტები, რომლებიც პირისპირ ებრძვიან კორონავირუსს, აღდგომის ღამის შეკრებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და მოსახლეობას თხოვენ, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად, სახლში დარჩნენ. საეკლესიო დღესასწაულების შემდეგ, ინფექციონისტები ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევების ათასეულობით ზრდას ვარაუდობენ და შიშობენ, რომ კოვიდ-19 ის ასეთ შემოტევას სამედიცინო სექტორი ვერ გაუძლებს, კლინიკების ნაწილში არსებული მარაგები ათ დღეს ჰყოფნის.

აღდგომის ღამეს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებენ ექიმები მოქალაქეებს. ლევან რატიანი ამბობს, რომ მდგომარეობა შესაძლოა ისე გამწვავდეს, რომ ქვეყანაში მედიკოსების რაოდენობა საკმარისი აღარ იქნება.  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი შიშობს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მათ მიღებას კლინიკები შეძლებენ. 

დღეს კოვიდ ინფექციის მიმღები ხუთივე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს. ახალი პაციენტებისთის ადგილი აღარ აქვთ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ამბობენ, რომ თუკი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება მაშინ სიტუაცია კონტროლიდან გავა, ეს კი დღეს ექიმების შეფასებით, პირდაპირ არის დამოკიდებული საეკლესიო რიტუალებთან

ამ დროისთვის საქართველოში სამედიცინო სფეროდან 16 ინფიცირებული მკურნალობს. ასამდე მედიკოსი კარანტინშია. ექიმები პროგნოზირებენ , რომ ქვეყანაში დადგება დრო, როდესაც ვირუსის მატარებელ ექთნებს და ექიმებს მუშაობა მოუწევთ.

უკვე თითქმის 1 თვეა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. ათი ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, გარდაიცვალა 3 და ვირუსის ებრძვის 340 პაციენტი. ექიმები პროგნოზირებენ, რომ მაჩვენებლები რეკორდულად  გაიზრდება თუკი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ და 18-19 აპრილს ლიტურგიას დაესწრებიან. 

 


close დახურვა