მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები და ეცადონ, აირიდონ კორონავირუსის გავრცელება, ვინაიდან ეკონომიკის გაჩერების და ვირუსის ასე შეკავების რესურსი არ არსებობს.
"ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი დააზარალებს, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს. უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და სასურველია, პირბადე ვატაროთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ გარეთაც, როცა სხვა ადამიანებთან ახლოს გვიწევს ყოფნა". - თქვა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი შეზღუდვების გამოცხადება, "რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ".
საჭიროების შემთხვევაში ესა თუ იმ მუნიციპალიტეტი ან სოფელი მიზნობრივად და წერტილოვნად ჩაიკეტება.
"ესეც რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ, რეგიონში თუ თბილისში, დავიცვათ წესები", - განაცხადა მან.
დღეს, 22 სექტემბერს ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსი 3913 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1574 გამოჯანმრთელდა, 22 დაიღუპა. აქტიურია 2291 შემთხვევა.