logo
ENG



მეზვრიშვილი: ოცნება სადამკვირვებლო მისიების შეფასების არაღიარებისთვის ემზადება

30 სექ 202419:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/klgv6i6b2y8i0lv.jpg

პარტიაში გახარია საქართველოსთვის აცხადებენ, რომ ქართული ოცნება სადამკვირვებლო მისიების შეფასების არაღიარებისთვის ემზადება. ამაზე ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება.

პარტიაში ამბობენ, რომ ლევან იოსელიანი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა

"პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ ოცნება ცდილობს, ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის.
ამ მიზნით ოცნება ინტენსიურად და სისტემურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმით, თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას.

ამავე მიზნით, ოცნება ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანს გაყალბებისგან იცავენ, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.

ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სხვადასხვა ფსევდო-დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას და პროპაგანდისტულ მედია საშუალებას. მისი ძირითადი საყრდენია ოცნების კორუფციის მცველი ანტიკორუფციული ბიურო და ცესკო, რომელიც სრულად ოცნების პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოცნება მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება.

სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა.

ხელისუფლების მიზანია ამ გზით გადაფაროს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ის სისტემური დარღვევები - თვალთვალი, პოლიტიკური ნიშნით დევნა, ძალადობის მუქარა და ძალადობა, რაც არასამართლიან და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის და რასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებებიც საზოგადოებას არჩევნების დაცვის ჩვენმა ჯგუფმა უკვე წარუდგინა.

არჩევნების დაცვის ჯგუფის სახელით გაცნობებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არჩევნების დასაცავად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე - მაღალი მონაწილეობა „ოცნების“ მარცხის წინაპირობაა"- განაცხადა მეზვრიშვილმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდება.

ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.


close დახურვა