logo
ENG



მელანია ტრამპმა აბორტის უფლებას მხარი დაუჭირა

03 ოქტ 202419:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/03/2vksi764ctgizn0.jpg

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა აბორტებზე საუბრისას თქვა, რომ მისი აზრით, "ადგილი არაა კომპრომისისთვის", როდესაც ქალის "ინდივიდუალურ თავისუფლებაზეა საუბარი". ვიდეო მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც The Guardian-მა გაასაჯაროვა ნაწყვეტები მისი წიგნიდან, რომელშიც იგი მხარს უჭერს აბორტის უფლებას "ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევისა ან ზეწოლის გარეშე".

"ინდივიდუალური თავისუფლება - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც მე ვიცავ. ეჭვგარეშეა, კომპრომისისთვის ადგილი არაა, როდესაც საუბარია ამ უმნიშვნელოვანეს უფლებაზე, რომელსაც ყველა ქალი დაბადებიდან ფლობს, ინდივიდუალური თავისუფლებაზე. რას ნიშნავს რეალურად ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი?" - თქვა ყოფილმა პირველმა ლედიმ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

მელანია ტრამპის მხრიდან აბორტის უფლების დაცვა ეწინააღმდეგება მისი ქმრის, ყოფილი პრეზიდენტის და საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებებს. დონალდ ტრამპი თავის დამსახურებად მიიჩნევს Roe v. Wade-ის საქმეზე გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტზე კონსტიტუციური უფლება გაუქმდა და რამაც ბევრ შტატს უფლება მისცა, აბორტზე მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. თუმცაღა ტრამპმა განაცხადა, რომ, არჩევის შემთხვევაში, ვეტოს დაადებს აბორტების ფედერალურ აკრძალვას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შტატების დონეზე უნდა გადაწყდეს.

The Guardian-ის თანახმად, ყოფილი პირველი ლედი თავის წიგნში წერს: "რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს, გარდა თავად ქალისა, იმის უფლება, განსაზღვროს, რას იზამს ის თავის სხეულთან? ქალის ფუნდამენტური უფლება ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ანიჭებს მას უფლებას, შეწყვიტოს ორსულობა, თუ მას სურს".


close დახურვა