logo
ENG



მელაშვილის ადვოკატი: რუკები არ არის დამოწმებული და ავთენტური

09 ოქტ 202022:36
3 წუთის საკითხავი
 
8gne6kvxfjt8wl4.jpg

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით,  ტოპოგრაფიული რუკები, რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, დამოწმებული არ არის.

ამის შესახებ ადვოკატმა ფორმულას გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა.

"ივერი მელაშვილისთვის და კომისიისთვის ეს რუკა არ იყო დამოწმებული. ეს დოკუმენტი არ არის დამოწმებული და არ არის ავთენტური",-თქვა მარიკაშვილმა გადაცემაში.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაშვილისა და ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გუშინდელ სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.  

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა. 


close დახურვა