logo
ENG



მელია: არჩევნები გაუქმებულია, ივანიშვილმა შანსი არ გამოიყენა, ბრძოლა იქნება უკომპრომისო

31 ოქტ 202103:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია.

როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, კონკრეტულ გეგმას ხვალ დაასახელებენ. მისივე თქმით, ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

"ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ამ საქმეს ძალიან დიდი ბოქლომი დაედო. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში ჩატარდება, ვერანაირად ვერასდროს მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, იმიტომ, რომ არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო საკუთარ რეზიდენციებში, მოიპარა.

14 ოქტომბერს, როცა თავისუფლების მოედანზე ძალიან დიდი აქცია გაიმართა, მე მეგობრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილს დავპირდი, რომ ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა იგი 30 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და ბიძინა ივანიშვილმა დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა, პასუხი იქნება ადეკვატური. ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წავდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც და მე მათ არ დავუმალე ის, რაზეც ახლა თქვენ გესაუბრებით, მე მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული.

მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის ღირებულებებისა და ფასეულობების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებო ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასვლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას", - თქვა მელიამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მელიას 44.47% აქვს, კახა კალაძეს 55.53%.


close დახურვა