„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია „ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან ოპოზიციური პარტიების შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ „ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში პარლამენტარიზმი მოკვდა. მელიას თქმით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია და პროცესი შეუქცევადია.
„დღეს ყველა ერთად დავსხედით და შევთანხმდით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რეგრესი, რომელიც არის სახელმწიფოებრიობის მტერი. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რასაც თავად ივანიშვილმა შეუწყო ხელი. მეგობრები აქციაზე სიტყვით გამოვლენ და საზოგადოებას ჩვენს გეგმებზე გაესაუბრებიან. მე ამ შესაძლებლობას მოკლებული ვარ ამ ლამაზი სამაჯურის გადამკიდე. ვარ აბსოლუტურად მშვიდი, რადგან ვხედავ როგორი ფინალი იქნება. ჩვენთვის ივანიშვილი დამარცხებულია და ამას გაფორმება ჭირდება. მას ეგონა, რომ ხალხი არის გაჭირვებისგან ანესთეზიის ქვეშ. გამარჯვებამდე ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. ეს დასრულდება უნამუსობის მოტრფიალე კაცის მარცხით. პარლამენტარიზმი მოკვდა. ქართველი ხალხი დაიბრუნებს პარლამენტს და მისი მეშვეობით ამ ქვეყნის ღირსებას," - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი სალარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა.