logo
ENG



მელია: ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ საქართველოს

08 ოქტ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ხმები უკანონოდ გადათვალა და მათი პარტიის გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადა. 

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაიგონ, თუ რა ხდება საქართევლოში. 

როგორც მან აღნიშნა, შეკრების კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით იტყვის.

"ზუგდიდელებო, ღირსების საკითხია. ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან გაიმარჯვებს ღირსება, ან ასე ქურდულად, როცა უნდათ მოგებულს გამოაცხადებენ დამარცხებულად. ვერ ეღირსებით ამას, ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არამხოლოდ ზუგდიდს და სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. ყველა პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება საქართველოში, რომ დარწმუნდნენ, სად არის სიმართლე", - ამბობს მელია. 

საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. 

მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა. 

მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22.

ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.

ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება.

წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს. 


close დახურვა