logo
ENG



მელია: მოვახერხოთ და გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, ერთ მუშტად შეკვრის დროა

17 აგვ 202112:55
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ამომრჩევლებს და კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა. 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, ყველა ერთ მუშტად უნდა შეიკრას, ოქტომბერში კი, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს.

"ახლა არ არის იმის დრო, ვის ვინ მოწონდა, ეს არის საერთო ბრძოლა. მაშინ ჩვენ ვტყუივართ, როცა ვამბობთ, რომ ეს არის რეფერენდუმი, მაშინ ეს არ ყოფილა რეფერენდუმი და თუ კი არის რეფერენდუმი, მაშინ ყველანი ვართ ერთი და ყველა უნდა დავდგეთ როგორც არასოდეს, ერთჯერადად, ახლა ამ ეტაპზე მაინც მოვახერხოთ და გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და ყველა იმ ადამიანს ვცეთ პატივი, ვინც ეწინააღმდეგება და შედის ბრძოლაში ოლიგარქიულ რეჟიმთან. 

მე როგორც არასდროს, მჯერა, რომ შანსს არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით თბილისში, რომ ხელისუფლებამ მარცხი სამართლიანად იწვნიოს", - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ხალხმა არჩევანი ქაოსსა და საზოგადოებრივ მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს. 

"თუ მოგვწონს ქაოსი, შუღლი, დაპირისპირება, კრიმინალი, ვისაც არ ეზარება, ყველა შეიარაღებული რომ დადის, თუ ეს ყველაფერი მოგწონთ, მაშინ აქ სადავო არაფერი არ არის, ბიძინა ივანიშვილს უნდა მივცეთ ხმა, მაგრამ თუ კი გვინდა მშვიდობა, საზოგადოებრივი სიმშვიდე, უსაფრთხოება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციას", - ამბობს მელია. 

მისივე თქმით, არჩევანი არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, როგორც წელს. 

"გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება წინ. კოლეგა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მივმართავ, ხალხნო, ოჯახის წევრებით ვართ გასული ბრძოლის ველზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ერთმანეთი, ნუ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს იმიტომ, რომ ჩვენი შვილების წინაშე ამით ძალიან მძიმე შეცდომას ვუშვებთ. ერთ მუშტად შეკვრის დროა", - თქვა მელიამ. 

ოპოზიციის ნაწილმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დღეს, 17 აგვისტოს წარადგინა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა