logo
ENG



მელია: ოცნებას ძალადობრივი მეთოდები არ ეყო, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა

30 ოქტ 202120:25
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მას შემდეგ რაც გამოცხადდა მთავარი არხის ეგზიტპოლი, რომლის თანახმად, თბილისში ნიკა მელია იგებს, ამბობს, რომ ძალადობრივი მეთოდები ოცნებას გასამარჯვებლად არ ეყო და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

"ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს აი ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მასობრივი ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს ხალხო თბილისში, იმიტომ კი არა რომ მე ჩემს თავზე მინდა ახლა საუბარი, არა, უბრალოდ გინდა არ გინდა ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონ ნახევრიანი დედაქალაქის კანდიდატი, საერთო ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და მე ახლა ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ხმისთვის იბრძვის" , - ამბობს ნიკა მელია

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.

მთავარი არხის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ოპოზიციის მერობის კანდიდატი იმარჯვებს 5 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში.

ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს კახა კალაძეს, რომელიც იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობს.

ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში ოცნება იმარჯვებს. ზუგდიდის მონაცემი არ გამოქვეყნებულა.

დღეს, ვაზისუბანში, 62-ე უბანთან თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

close დახურვა