logo
ENG



მელია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაწყებულია

09 მარ 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ მემორანდუმში კონკრეტულ პირებზე საუბარი არ არის, ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანის, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბრობენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და არ არსებობის ამ საკითხის მოგვარების სხვა გზა.

„ამ დევნასთან დაკავშირებით რა პრობლემებიც არის, რასაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მიიჩნევს პრობლემად, უნდა გადაწყდეს. ამის გადაწყვეტა სხვანაირად გარდა გათავისუფლებისა, რომელსაც ერთი დიდი ჯგუფი მიიჩნევს პოლიტპატიმრებად, არ არსებობს. ეს პირები არიან გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესიკ თამლიანი და გიგი უგულავა. ამ ოთხ ადამიანზეა საუბარი, რომლებიც გავრილოვის ღამის შემდეგ იქნენ დაპატიმრებულნი“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაწყებულია.

„კარგია, რომ ხელისუფლება მიხვდა, ამ ეტაპზე სიტუაციის ნორმალიზაციისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს პროცესი დაწყებულია. ვგულისხმობ, ბატონი კოშაძის გათავისუფლებას. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება“, - აცხადებს მელია.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის თქმით კი, არსებობს ლეგიტიმური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულების გამოშვებაა შესაძლებელი.

„ამ დოკუმენტით აღიარებულ იქნა, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა დგას და პრეზიდენტმა და სხვებმაც, ლეგიტიმური საშუალებებით ის საქმეები, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო იცნობს საქართველოს, ეს რატომ დაიჭირეს, ის რატომ დაიჭირეს, ეს საქმეები რატომ დაიწყო, გვარები ყველამ ვიცით. ამ პროცესში უნდა ველოდოთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ოფიციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავა მეორედ დააპატიმრეს. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.  

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამლიანმა, მასთან ერთად დაკავებული სამი პირისგან განსხვავებით საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ის კვლავ პატიმრობაში რჩება.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, ის 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

„მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთაშესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგისულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.

აქციების მიმდინარეობისას გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა - იმდროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. გახარია პრემიერ მინისტრად დაწინაურეს, ხოლო მმართველმა გუნდმა და პირადად, მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა. თუმცა, „მაჟორიტარი დეპუტატების ამბოხის“ შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები განახლდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა ქონდათ - არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მეოთხე რაუნდისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას 100/50-ზე არ თანხმდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათი საბოლოო შეთავაზებაა 100 პროპორციული გზით და 50 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატი.


close დახურვა