logo
ENG



მელია: რომ არა ეს არაძალადობრივი ბრძოლა, კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ

19 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით სწორედ მოსახლეობის საპროტესტო მუხტს უკავშირდება. 

როგორც მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა ინტენსიურად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

"კონკრეტული გეგმით ვიქნებოდი წარმოდგენილი დღეს, მაგრამ გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანებს გადაყვანა რომ სდომოდათ, გლდანში კი არ გადაიყვანდნენ...მაგრამ თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ისე ქვეყნის", - ამბობს მელია. 

მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ საზოგადოება პროტესტის დროს ძალადობრივ მეთოდებს მიმართავდა, თუმცა ისინი მმართველი გუნდის პროვოკაციებს არ წამოეგნენ. 

"რომ არა ეს ძალადობრივი ბრძოლა, მერწმუნეთ, რომ არც ერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის რაც უნდოდა ქართულ ოცნებას, რომ ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში. ქართულ ოცნებას თავი აქვს მოჭრილი და მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს. ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა და ჩაეხშოთ პროტესტი და უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი იქ, სადაც ჰყავთ დატყვევებული. მადლობა, რომ არ ავყევით ამ რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ. რუსული ოცნება მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ ქვეყანაში. ამას გეგმავდნენ, დანამდვილებით ვიცით. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს", - თქვა ნიკა მელიამ. 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა