logo
ENG



მელია: სამაჯურს არ გავიკეთებ

03 ნოე 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ელექტრონულ სამაჯურს არ გაიკეთებს. 

სამაჯური მელიამ 1-ლი ნოემბრის აქციაზე მოიხსნა და გადააგ, დღეს, 3 ნოემბერს კი პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. 

"ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, მისთვისვე იქნება საზიანო. ძალიან მჯერა ამისი, იმიტომ, რომ ერთი პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია, მეორე, სიმართლე მათ მხარეს საერთოდ არ არის. გუნდი, რომელიც ვითომ არჩევნებს ატარებს, იარაღით ძალადობრივი მუქარებით სხვადასხვა საარჩევნო უბნის დარბევით და მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და პროტესტი არავის არ უნდა გამოეთქვა. აბსოლუტურად მეასე და მეორასეხარისხოვანია, ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არ იქნებოდა. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო.

მაგრამ ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, აინტერესებთ ეს ელექტროსამაჯური ხელზე მიკეთია თუ არ მიკეთია. მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა. იმიტომ, რომ ამ ბატონს თავს არ დაუხრის აღარავინ. ის ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს. ამ ქვეყნისგან ვერ შექმნის მის კარმიდამოს. ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, იგი კიდევ ერთ გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, რომ პანიკურ მდგომარეობაშია", - თქვა ნიკა მელიამ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას, ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ "ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე" გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.


31 ოქტომბერს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ ის გაყალბებულია. 

1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. როგორც მან თქვა, არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა. 

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. 


close დახურვა