ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.
კერძოდ, მელიას თქმით, სააკაშვილი გადაყვანასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ისინი უნდა იდგნენ აქციაზე, სანამ მას ფიზიკურად არ გადაიყვანენ კლინიკაში.
"ახლა ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან.უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა მისი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, პირველ რიგში მისთვის, მან ეს ძალიან კარგად იცის, რომ მისი სიცოცხლე დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის.
ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, რადგან ამ რეჟიმს არ ვენდობი. დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრეთ. სანამ არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.