logo
ENG



მელია: შეუძლებელია, მე მივიღო 20 ივნისის ამნისტიის აქტი ისე, რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული

08 სექ 202115:15
3 წუთის საკითხავი
 
მელია: შეუძლებელია, მე მივიღო 20 ივნისის ამნისტიის აქტი ისე, რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელია ისევ იმეორებს, რომ საკუთარი ნებით იგი 20 ივნისის ამნისტიის აქტს არ მიიღებს და რომ ეს "შეუძლებელია". მთავარ არხთან საუბარში მელია აღნიშნავს, რომ ამ აქტით ქართულმა ოცნებამ მოძალადეები განარიდა მართლმსაჯულებას, აქციის მონაწილეებს კი კვლავ დევნის. 

"ისინი თავიანთ თავს წარმოაჩენენ - მოძალადეებს განარიდებენ მართლმსაჯულებისგან და ადამიანებს, ვინც ქართული პატრიოტიზმის სულისკვეთებით გადაწყვიტა, რომ იმ დღეს დამდგარიყო და გაეპროტესტებია რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამოსკუპება, კვლავ დევნის.

20 ივნისის ამნისტია დასრულდა ისე, როგორც ველოდი, მოძალადეები შეიწყალეს და ახლა უნდათ, ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება, რა თქმა უნდა, ახლავე, თქვენი ეთერით ვეუბნები, რომ ნუ დაიღლიან თავს და ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან, შეუძლებელია, მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული. თითქოს მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, ესაა. ეს არაა ამნისტიის აქტი", - ამბობს მელია. 

გუშინ 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ.

დამტკიცებული ვერსია მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ არის შემუშავებული. 

ამნისტიის აქტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.


close დახურვა