„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია "ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი "ფეისბუქზე" წერს, მისი დაჭერით ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას სერიოზული დარტყმა არ მიადგება.
მელიას თქმით, მთავარი ერთიანობაა და მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება თანაგუნდელი - გარეთ თუ საკანში.
"მე მხოლოდ რიგითი მებრძოლი ვარ ამ ბრძოლაში და ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ჩემი დაჭერით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ ბრძოლას. მიუხედავად იმისა მე დამიჭერს, თუ არ დამიჭერს, ბრძოლა გაგრძელდება. ოლიგარქმა დაინახა რომ სამაჯურის დადებით ხელი კი შემიშალა პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ მაინც ვერ გამანეიტრალა, ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ჩემი კიდევ უფრო შეზღუდვა - ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით. მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი - გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში", - წერს მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ქართუს“ საქმე 2012 წელს დაიწყო. 7 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკაში ჩართული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორების მიზნით, ბანკის გაკოტრებას გეგმავდნენ. კერძოდ, მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. ხოლო, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმისთვის, რომ ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა.