logo
ENG



მელია: ძლიერი სურვილი აქვს ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების, მაგრამ ვერ გაბედავენ

16 დეკ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ლელოს ლიდერების დაკავებას ვერ გაბედავენ. ამის შესახებ მან სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ძალიან ძლიერი სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების, წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების. მაგრამ ვერ შეძლებენ. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ გაბედავენ. რატომ ვერ გაბედავს იცით? ნამეტანი არის. პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება", - განაცხადა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი იქნება. დღეს საქმის არსებითი განხვილა სრულდება, სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ განაჩენი დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

დღევანდელი პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.


close დახურვა