logo
ENG



მელია: ხელისუფლება მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით კლავს სახელმწიფოს

05 ივლ 202115:29
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ხელისუფლება მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით კლავს სახელმწიფოს

ნიკა მელია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტებზე ორგანიზებულად ნადირობენ, ხოლო პოლიცია არ ასრულებს თავის მოვალეობას, დაიცვას მოქალაქეები.

ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ მთავრობა აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით.

„რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში. სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ. თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება", - წერს ნიკა მელია.

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.


close დახურვა