ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, თბილისში, 14:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.
როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეკრების ლოკაცია იქნება სამი - რესპუბლიკის მოედანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაციონალური მოძრაობის ცენტრული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"გაიმართება მორიგი მწვავე საპროტესტო აქცია თბილისში. ხვალ, გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი - 14:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე - ცესკოსთან, და მესამე ლოკაცია - ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სიგნალებით - რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე", - განაცხადა ნიკა მელია.
სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.