ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია პოლიტიკოსობას აპირებს, მკაფიოდ უნდა თქვას, ქვეყანას მართავს თუ არა ოლიგარქი, შეაფასოს ოთარ ფარცხალაძე და სხვა.
მელიამ ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა:
"თუ გახარია პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს: ოლიგარქიული თუ დემოკრატიული.
ან გვაქვს ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფებები, ან ავტოკრატია.
თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, გეთანხმებით, ფარცხალაძე -ფარცხალაძეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ. მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები? ვინ გასცა ბრძანება? სიმართლე ვთქვათ, გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემს კომენტარს". - თქვა მელიამ.
ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიციამ ენმ-ის ოფისი შტურმით აიღო. დახურულ სივრცეში გამოიყენეს წიწაკის გაზი. სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მისი აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მისი გადაუიხდელობის გამო შეცვალა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალი თავიდანვე უკანონოდ მიიჩნია.
ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც თქვა, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. გახარიას თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.
22 მარტს კი გახარია მედიასთან გამოჩნდა და პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა.