ოპოზიციასა და დიპლომატებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ფორმულას ინფორმაციით, სასტუმრო რუმსში შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო და მას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, სენატის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებიან.
ენმ-ის წევრებმა შეხვედრა უკვე დატოვეს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და არჩევნების მეორე ტური იყო.
"საკითხი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ელჩები არიან არანაკლებ დეტალურად ინფორმირებული ვიდრე თითოეული ჩვენგანი", - ამბობს მელია დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა უკვე დატოვა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამაც, რომელიც ამბობს, რომ შეხვდნენ არა მარტო ელჩებს, არამედ ვაშინგტონიდან ჩამოსულ საქართველოს მეგობრებსაც.
დიპლომატები ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას დღის განმავლობაში გამართავენ.
შეხვედრაზე უკვე მივიდნენ პარტია ლელოს ლიდერი ანა ნაცვლიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, ის რუსთავის ციხეში მე-16 დღეა შიმშილობს.