ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება, მისივე პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და ამბობს, რომ იგი "პრესსამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილა". მელიას თქმით, პოლიტიკური ლიდერები დიალოგს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ "ეს იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად" და "არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებას" მიეძღვნება.
"ნებისმიერი განცხადების გავრცელების, თუ გაკეთების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არაა საუკეთესო განცხადება.
მთავარი რაც გაცხადებული აქვს ფართო საზოგადოებას, ესაა ის, რაც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანდა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი.
პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს [ვაშაძეს] არასოდეს არ გაუვრცელებია განცხადება პრესსამსახურის გვერდის ავლით, ეს იყო ერთადერთი, როცა მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რაზე ვსაუბრობთ რუსთაველის გამზირზე.
არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, ხო? არავინ, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ ეს იქნება პარალელურად მშვიდობიანი აქციებისა. დიალოგი გაიმართება არამხოლოდ სამართლაინ არჩევნებზე, არამედ, უბრალოდ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებაზე", - თქვა ნიკა მელიამ.
პირველ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".
ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.
მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.
ამ განცხადებაში ის ამბობს, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება", ის არ საუბრობს მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე. თუმცა ამ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება "მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში".