logo
ENG



მელია ოცნების დეპუტატებზე: ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა, ჩემთვის არა, ამ სახელმწიფოსთვის

16 თებ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 

"რამდენი დეპუტატია ახლა ქართულ ოცნებაში, რამდენი შეიპარნენ არ ვიცი, მაგრამ ყველას მოუწევს ჩემთვის არა, ამ სახელმწიფოსთვის ბოდიშის მოხდა", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მისი ადვოკატები იმის გამო არ შეუშვეს, რომ საქმის პროკურორი კითხვებს ვერ უპასუხებდა. 

"ადვოკატები რატომ არ შეუშვეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. აპირებენ, მათი სურვილი ასეთია, დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. რატომ არ დაუშვეს არცერთი ადვოკატი? იმიტომ რომ კითხვები დაისმებოდა და ვერ უპასუხებდა ის პროკურორი. მე ვუპასუხებ აქედან ახლა, უსირცხვილოდ რომ საუბრობდა, დეკემბრიდან მოყოლებული თუ მელია დასაჭერი რას ელოდებოდითო და რა პასუხი გასცა? სანიმუშოდ იქცეოდა მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში და ამიტომ ვაცადეთ ორი თვეო", - განაცხადა მელიამ. 

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას თავიდანვე არღვევდა, თუმცა მისი დაპატიმრება ამ დრომდე არ მოუნდომებიათ. 

"გეტყვით როგორ სანიმუშოდ ვიქცეოდი. იმ გადაწყვეტილებით, სადაც მე ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას აუცილებლად პროკურორისთვის უნდა დამერეკა, არც პროკურორს ვურეკავდი და რამდენჯერ ვარ საჯაროდ სიტყვით გამოსული, ანუ იმ გადაწყვეტილებას ვარღვევდი იმთავითვე. მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი?", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა დღესვე პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. 


close დახურვა