ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება პარლამენტის მიერ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მეორედ მოხსნას და აცხადებს, რომ ამით "გავრილოვის დავალება შესრულებულია". პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მელიამ თქვა, რომ ამით გაასამართლეს "თავისუფლებისა და ღირსების იდეა".
"გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა, დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების იდეა.
ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი, ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა", - თქვა მან.
16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის. საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.