logo
ENG



მელია პროკურატურის შუამდგომლობაზე: აღიარეს, რომ წელიწადნახევარი ტყუილად მეკეთა სამაჯური

03 ნოე 202018:48
3 წუთის საკითხავი
 
მელია პროკურატურის შუამდგომლობაზე: აღიარეს, რომ წელიწადნახევარი ტყუილად მეკეთა სამაჯური

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურის მიერ დამატებითი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ წელიწადნახევარის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ტყუილად ეკეთა. მელიამ ეს განცხადება, მისი აღკვეთის შეცვლის სხდომის დასრულებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

"აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, პასპორტიც ტყუილად მქონდა ჩამორთმეული, პლუს სახლში რაღაცა დანადგარი მიყენია, რაც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას. ასევე, მიტინგზე გამოსვლის უფლებაც არ მქონდა.

როგორც ჩანს დარწმუნდნენ თავიანთ უსუსურობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს, პასპორტსაც კი მიბრუნებენ. ანუ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა. ეს ხუმრობით. ისე კი ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია", - უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს. პროკურორმა მოითხოვა, რომ ნიკა მელიას მხოლოდ გირაოს ოდენობა გაეზარდოს 30 ათასიდან, 100 ათას ლარამდე. 

ამასთან, პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა, რომ ნიკა მელიას მოეხსნას პირველი ინსტანციით დაწესებული დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის, ქვეყნის დატოვების, საჯარო გამოსვლების შეზღუდვა და ელექტრონული მონიტორინგი. 

 


close დახურვა