ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.
როგორც მელია მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნავს, ქართული ოცნება ოპოზიციაში, კონკრეტულად კი ნაციონალურ მოძრაობაში დისონანსის შეტანას ცდილობს.
მისი თქმით, გაკვირვებას ვერ მალავს, "რატომ იმაიმუნებს თავს ღარიბაშვილი".
"ჩემი აზრით, უსუსურად გამოიყურება მათი მცდელობა, რომ რაიმე სახით შემოიტანონ დისონანსი ოპოზიციაში, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის პარტიაშიც კი. კადრულობს იმას, რასაც კადრულობს, რომ თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი და თურმე, ბედნიერიც ვარ ამ ყველაფრით. ამას საღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი არ დაიჯერებს. მე ეს ვიცი და აქედან გამოვდივარ და უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ", - ამბობს მელია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-11 დღეა ციხეში შიმშილობს.