პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის თავმჯდომარეზე ნიკა მელიაზე საუბრისას აშშ-ში კაპიტოლიუმზე შტურმის მაგალითი მოიყვანა და იქ ადამიანების დაკავება და ლიკვიდაცია გაიხსენა.
ღარიბაშვილის თქმით, ასეთ დანაშაულებზე "ინდულგენციას არ იძლევიან":
"ეს კრიმინალი (ნიკა მელია) რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს და გვეუბნებიან, რომ ის მძიმე დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და რომელსაც შსს და პროკურატურა იძიებს, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმსა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ ასეთ დანაშაულებზე ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ? მაგალითს გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შემდეგაც 150 ადამიანი დააკავეს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. რაზე ვსაუბრობთ?", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა ბანკი ქართუს საქმეც გაიხსენა და თქვა, რომ მელიასთვის სასჯელის მისჯისას ივანიშვილის "საკითხებისადმი დამოკიდებულება" გამოჩნდა:
"შეგახსენებთ, რომ ბატონი მელია გასამართლებულია. მას ბანკი ქართუს საქმეზე მიესაჯა სასჯელი. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი ჩვენი თავმჯდომარის, ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას მიესაჯა პირობითი სასჯელი და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი", - თქვა ღარიბაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა, ის, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება. მისი დაპატიმრება პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ "გადაიდო". სწორედ ამ პროცესებს მოჰყვა ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება.