ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც საარჩევნო რეფორმის განხილვის სამუშაო შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი უფრო "ამბიციურ პროექტს ელოდებოდა". პროექტის გაცნობის შემდეგ, მენაბდე ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანად, ისევ ძალაში რჩება მათი რეკომენდაციები.
- "პირველი, ესაა საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას. ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ვერ უნდა დაინიშნონ ცესკოს წევრები;
- მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ესაა პროპორციული ასპექტის მეტად გაზრდა, ვიდრე ესაა წარმოედგენილ პროექტში;
- მესამე ეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პერიმეტრს, სადაც დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები. ჩვენი რეკომენდაციაა 100 მეტრი, ეს მოცემულია პროექტშიც, უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ არ შეიძლება იყოს ამ 100 მეტრის რადიუსში. აქ მთავარია ის, რომ არ უნდა აიყვნენ პერიმეტრში ისეთი ადამიანები, ვინც არაა ნებადართული. მედია, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პარტიების წარმომადგენლები შეიძლება, იყვნენ. დანარჩენი, გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისთვის, არც მიტინგისთვის და არც რაიმე სხვა რამისთვის", - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
მისივე განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი, ვისაც იყენებენ ხოლმე საარჩევნო უბნებთან, მათ შორის, აქტივისტებს, ასევე კოორდინატორებს და "სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტებს".
ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.
ასევე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის თითის ანაბეჭდით მიცემის საშუალებას იძლევა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომდაგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, ის ცვლილებები, რაც მემორანდუმით არის გათვალსიწინებული, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საარჩენო კომისიების დაკომპლექტების წესი ძირეულად შეიცვლება და ის კვლავ ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდება.
"ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იმ ჩანაწერებით, რაც ახლა არის მემორანდუმში, ვერ ვხედავთ, რომ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. არსებობს რისკები, რომ კვლავ დარჩეს საარჩენო კომისიები ერთი პარტიის გავლების ქვეშ. იმ ვარიანტით, რაც არის წარმოდგენილი, პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრები კვლავ მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით იქნებიან შეჩეულები". - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თანხმდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებითაც მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მანდატების გაუქმება არ მოუთხოვია გირჩის განაყოფს - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი პარლამენტშიც შევიდნენ, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების დაპირების სანაცვლოდ. ასევე, პარლამენტში არიან პატრიოტთა ალიანსის სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დააარსეს.