„მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან, რომ ჟამი ახლოს არისო, ამბობენ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ სიმშვიდე აუცილებელია და დღეს „ჩვენ სიმშვიდე“ გვაკლია, რადგან „არეულები ვართ თანამედროვე ცხოვრებაში“.
„სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში - ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის ", - თქვა წირვაზე პატრიარქმა.