logo
ENG



მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა - მას, შესაძლოა, ახალი ბრალი წარუდგინონ

20 თებ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დღევანდელ ხმაურიან განცხადებას შესაძლოა, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება მოჰყვეს. ასეთი მოლოდინი გაჩნდა იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან ისმოდა. ამ დრომდე მერაბიშვილის პოლიტიკური პრეფერენციები გაურკვეველი რჩება და უცნობია, რომელ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად აპირებს ის ხელისუფლების შეცვლაში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, მმართველი ძალა ცინიკური ტონით უკვე ულოცავს ოპონენტებს - "მეტი ვანო ოპოზიციას" – „ქართული ოცნება“ 9 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მძიმე პოლიტიკური წარსულის ლიდერის ოპოზიციასთან გაერთიანებით მოხარულია.

5 საქმეზე პატიმრობა მისჯილი და ციხეში, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ 1 მიმდინარე საქმეზე მერაბიშვილის საპატიმროში ვეღარ შეაბრუნებენ. ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სადაც გამოძიება მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

თუმცა, გიორგი ჩივიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალი წაუყენოს და ისევ საპატიმროში შეაბრუნოს.

ვანო მერაბიშვილის მხრიდან ქვეყნის დამხობა არასერიოზულია მმართველი პარტიის ყოფილი წევრებისთის. მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერი აქტიურ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება.

ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არა, თუმცა ერთიან ფორმატში დიალოგის გაგრძელებას აპირებს ოპოზიცია. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, მერაბიშვილი რომელი პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას, „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის ფორმატზე ეს გავლენას ვერ იქონიებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს. 

 


close დახურვა