logo
ENG



მერია: ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის რეაბილიტაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდა

11 დეკ 202314:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/7mpujqj5alzcpij.jpeg

თბილისის მერიის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა გახანგრძლივდა.

მათი განცხადებით, რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის ფლანგვის დეტექტორი და მოძრაობის ჩემი ქალაქი მკლავს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორმა 8 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიამ რეაბილიტაციის დასრულების ვადები შეცვალა და ბიუჯეტი გაზარდა.

კერძოდ, მათი ცნობით, წერეთლის გამზირის სამ ლოტად რეაბილიტაციის პროცესში მერიამ შეარჩია ორი კომპანია - შპს ერ ტე დე და შპს მილენიუმ ბილდერ გრუპი. 2023 წლის 27 თებერვალს მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები ჯამური ღირებულებით 28,399,283 ლარი. მიუხედავად ამისა, სამივე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც მისი ღირებულება გაიზარდა 2,840,396 და შეადგინა 31,239,679 ლარი.

ცვლილებები შევიდა სამივე ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებითაც და 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ამ ვადებმა საშუალოდ 50 დღით გადაიწია. (36 დღე პირველი ლოტი, 54 დღე მეორე ლოტი, 60 დღე მესამე ლოტი). შესაბამისად, ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, წერეთლის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვრის ნაცვლად, მარტის თვეში დასრულდება.

"არასწორი დაგეგმარებისა თუ სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო თბილისის მერია თითქმის 3 მილიონით მეტს დახარჯავს წერეთლის რეაბილიტაციაში, ხოლო მისი დასრულება საუკეთესო შემთხვევაში თითქმის ორი თვის დაგვიანებით მოხდება", - აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.


close დახურვა