თბილისის მერია ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციას იწყებს - როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.
კალაძემ, ასევე, ისაუბრა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით დაცული პარკისა და კასკადის რეკონსტრუქცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.
„მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება გააფორმა გამარჯვებულ კომპანიასთან. დამუშავდება კასკადის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტები. პროექტის ფარგლებში წყლით უზრუნველყოფის ალტერნატივა იქნება განხილული, განიხილება ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაც.
ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი, რომელიც მოუვლელობის გამო წლებია, არ მუშაობს და პროექტის შედეგად ეს კასკადი და შადრევნები დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოს იქნება მოწოდებული.
ვაკის პარკს და ამ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ყველა ვიამაყებთ ამ პროექტით. მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, როცა ეს კასკადი მუშაობდა, ერთ-ერთი ულამაზესი იყო.
ჩაბარებული გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტიც ბრიტანული კომპანიისგან - დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა, რომ მივიღოთ დაფინანსება, რათა მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იქნება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე", - განაცხადა კახა კალაძემ.