logo
ENG



მერია ვარკეთილის მეტროს ხელახალი რეაბილიტაციისთვის 7 057 389 ლარის დახარჯვას გეგმავს

20 იან 202215:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/20/swpwwh7sb846q8r.jpg

ვარკეთილის მეტროს ხელახალი რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარია, რაც მეტროს რეკონსტრუქციასა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებს მოიცავს. 

ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 თებერვლიდან იწყება და 21 თებერვლამდე გაგრძელდება. 

სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნის და ესკალატორების გვირაბის, აზბესტის ჭერის დემონტაჟს, ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების ბალუსტრადების განახლებას, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემის განახლებას, ბაქნის იატაკის შეცვლასა და სადგურის სამეურნეო ოთახების კეთილმოწყობას. 

თბილისის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროს ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მშენებელთან დაზუსტდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ნაწილობრივ დაიხურება. 

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს მეტროს ტერიტორიის ვიზუალიზაცია, რენდერების სახით:

შემსყიდველმა რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვეში უნდა დაასრულოს. 

***

2018 წელს ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მანამდე, 2016 წელს, როდესაც მერი დავით ნარმანია იყო, ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ "ყვარელრემმშენს" 347 848 ლარი გადაუხადეს. სამუშაოების დაწყებამდე, ეს კომპანია შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იყო, თუმცა კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა. კომპანიამ მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა.

ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა "ერთი წელი გავიდა. ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია". თუმცა ჩამონგრევიდან 4 წლის თავზე მეტროსადგური ისევ იმავე მდგომარეობაშია. 

 


close დახურვა