თბილისის მერია ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მერია აცხადებს, რომ სიტუაციის შესახებ მათთვის მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს გახდა ცნობილი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ვერ მოახერხებს ბენეფიციარების შესაბამისი ფართით უზრუნველყოფას, ბავშვები მერიის სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან.
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დადგინდა.
იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
***
დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლისა და კვლევის პროცესები სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს.
ის ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ბენეფიციარები სხვა სივრცეებში გადანაწილდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ილიაუნის ამ ავარიულ შენობაში მდებარეობდა.