logo
ENG



მერიამ პარლამენტის შენობა უკანა შესასვლელიდანაც შემოღობა

13 აგვ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობა უკვე უკანა შესასავლელიდანაც შემოღობეს, საპროტესტო სივრცის თვეებით ჩაკეტვის შემდეგ, მერიამ წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ორგანოს უკან მდებარე სკვერის განახლებაც გადაწყვიტა. სამუშაოებს იგივე კომპანია ასრულებს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამჯერად დედაქალაქის მთავრობა და კერძო კომპანია პროექტს აღარ მალავენ. 

სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს. სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანი ახლაც არა რეაბილიტაცია, არამედ აქციებისთვის ხელის შეშლაა.  

სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მთავრობის გააქტიურებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. მათი აზრით, ხელისუფლება ცდილობს ნიადაგი მოამზადოს და საპროტესტო მუხტის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს პარლამენტის მიმდებარედ აქციების ჩატარების საშუალება არ მისცეს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან შემოღობილ უორდროპის სკვერზე ბანერია გამოკრული, რომელზეც ვკითხულობთ, რომ სამუშაოების დამკვეთი მთაწმინდის გამგეობაა. ბანერზე არაფერი წერია სამუშაოების ვადების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ გრინსერვის პლუსმა გამგეობას პროექტი 7 ნოემბერს უნდა ჩააბაროს. ეს კი ის კომპანიაა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ 8 თვეა ატარებს. ოპოზიცია ეჭვობს, რომ გრინსერვის გრუპი პარლამენტის წინ სამუშაოების მაქსიმალურად გაჭიანურების გამო ახალი დაკვეთებით დააჯილდოვა.

გრინსერვის პლუსის დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები 2-3 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა როდის გაიხსნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უცნობია. 


close დახურვა