logo
ENG



მერიის კრიტიკის შემდეგ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უფროსმა შეხვედრაზე დაიბარა

21 აგვ 202118:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/21/8h8t60e3z3hpxtk.png

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის შეხვედრა თბილსერვის ჯგუფის ოფისში დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. 

ბაღდავაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თავისმა უშუალო უფროსმა, დავით გელოვანმა შეხვედრაზე პირადად დაიბარა. 

ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ხმამაღლა აკრიტიკებდა ხელისუფლებას. რამდენიმე დღის წინ კი მთავარი არხის ეთერში ისაუბრა სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე - ბაღდავაძემ თქვა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. 

ასევე, 19 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თანამშრომლები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ვიდეოს სწორედ დავით გელოვანი იღებდა. 

ირაკლი ბაღდავაძე დღევანდელ შეხვედრაზე ადვოკატთან - ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელთან ერთად მივიდა, ვინაიდან ჰქონდა ეჭვი, რომ მის მიმართ შესაძლოა რამე ტიპის პროვოკაცია მომხდარიყო. ბაღდავაძეს ჰქონდა შიში და ეჭვი, რომ შეხვედრაზე მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ დავით გელოვანი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც მალევე თავისივე თანამშრომლებმა დაატოვებინეს შეხვედრა. 

"საქმეს რომ მირჩევდნენ, მაგასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ჩამოვწერე, რა და როგორ მოხდა".- თქვა მან. 

ბაღდავაძეს თბილსერვისი ეთნიკური შუღლის გაღვივებაშიც ადანაშულებს, რასაც თავად უარყოფს და ხელმძღვანელობას პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

ირაკლი ბაღდავაძის საკითხს დღეს დროას ლიდერი, ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის და მისი გუნდის იურისტები დაიცავენ ყველას პროტესტის უფლებას. 

***

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში - 6 და 7 აგვისტოს გაფიცულები იყვნენ. 

გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ. 

ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. 

ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. 

იმ შემთხვევაში, თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობები 21 დღეში არ გაუმჯობესდება, ისინი კვლავ გაფიცვას აანონსებენ. 

მერია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ტექნიკა ახალშეძენილია, ხელფასები კი მომატებულია და საკითხი იანვრიდან ისევ გადაიხედება. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, თუმცა, წელს ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც, მისი თქმით, უკვე მოგვარებულია.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისერვისის ზოგიერთ გაფიცულ თანამშრომელს "კრიმინალიც" უწოდა.


close დახურვა