პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება - მესამე სექტორმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი ინციდენტი შეისწავლა და დანაშაულის ნიშნები გამოავლინა. დასკვნაში წერია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს თავს ძირითადად ე. წ კონტრაქციის წევრები ესხმიან. ამ ინციდენტიდან 24 საათი გავიდა, გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული არავინ არის. ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები ამბობენ, რომ პოლიცია არაეფექტურად მუშაობს, სახეზეა შერჩევითი სამართალი - ხელისუფლება იჭერს ოპოზიციის მხარდამჭერებს, საკუთარს კი არა.
ე. წ. კონტრაქციებით ძალის დემონსტრირება - „ოცნების“ ამ ტაქტიკაში ანალიტიკოსებმა რუსული ხელწერა ამოიკითხეს. „ფორმულასთან“ უკრაინის მოვლენები გაიხსენეს - იანუკოვიჩის ე. წ. ტიტუშკები. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თამაში „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდება, რადგან შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს და გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაში ხედავენ.
საერთაშორისო საზოგადოება კი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ძალადობა მიუღებელია - ეს არის ევროკავშირის ელჩის პასუხი ე. წ კონტრაქციების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. დიპლომატიური კორპუსი გამოსავალს ისევ დიალოგში ხედავს.
ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არის, თუმცა სამართლებრივ ნაბიჯებთან ერთად მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ე. წ კონტრაქციებთან დაკავშირებით კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია.