მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სავალდებულო კარანტინის გავლა ასევე მოუწევს ყველა მოქალაქეს, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს.
„კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თვიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მან ასევე იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და ლენჯერში იმყოფებოდნენ და მოუწოდა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა. გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.