logo
ENG



მეტრომანი, ვაზნები, 300 000 რუბლი - შაბათის ფორმულამ ესებუას ჩხრეკის ოქმი მოიპოვა

11 თებ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს, დილის 05:00 საათზე, ნათესავის სახლში დააკავეს. მას სინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ 28-თვის განმავლობაში ძებნილი ესებუა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კერძოდ კი სექტემბრიდან გადაადგილდებოდა. თავად ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ბანკში თავდასხმის დღეს არ იმყოფებოდა.

რა გზით გადაადგილდებოდა ესებუა - არსებობს ვერსიები, რომლებსაც ადგილობრივები შაბათის ფორმულას უყვებიან. მათი მონაყოლის მიხედვით, ესებუა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ მუჟავადან უნდა შემოსულიყო, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ივლიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების გავლით მოხდებოდა ჯიხაშკარში, სადაც დააპატიმრეს.

ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბადრი ესებუას თან ჰქონდა: მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. პისტოლეტის დათვალიერების დროს, ექსპერტი აღწერს, რომ იარაღში მოთავსებულია, ერთი ვაზნა და მას დამაგრებული აქვს მჭიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სრულად იყო მომართული. გარდა ამისა სახლიდან კიდევ რამდენიმე მჭიდი და 25 ცალი ვაზნა ამოიღეს. იარაღის გარდა, ამოღებულია, ხელთათმანები, ნიღაბი და სამხედრო ფორმა. ესებუას თან ჰქონდა, რამდენიმე მობილური ტელეფონი, რამდენიმე სიმ-ბარათი, პლასტიკური ბარათი, თანხის გატანის ქვითარი და ერთი ცალი მეტრომანი. ასევე ნაღდი ფული - 3 500 ლარი და 300 000 რუბლი. გარდა ამისა, ესებუას თან ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის მიერ, 2022 წელს ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული პასპორტი.

რატომ აარჩია ესებუამ ჯიხაშკარში ნათესავის სახლი - შაბათის ფორმულას ადგილობრივები უყვებიან, რომ მიზეზი, შესაძლოა, საკუთარ სახლთან, რომელიც 5 კილომეტრშია, სიახლოვე ყოფილიყო. ბადრი ესებუა ჯიხაშკარის გვერდით მდებარე, სოფელ გრიგოლიშიდანაა, სადაც დღემდე ცხოვრობს მისი ოჯახი. ბალდებულის მამა ტარიელ ესებუა ირწმუნება, რომ მას შვილთან 28 თვეა კონტაქტი არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა შეიარაღებულ, ნიღბიან თავდამსხმელს ვიზუალურად არ ჰგავს.

ბადრი ესებუას 8-ტომიან საქმეში 2 მთავარი მტკიცებულება დევს. ხმის ექსპერტიზა და გასროლისა და საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მასრა. ბრალდებული ბადრი ესებუა ასევე ამტკიცებს, რომ ეს ხმა მას არ ეკუთვნის. სწორედ ხმის ეს ნიმუში შეადარა გამოძიებამ აუდიო-ჩანაწერს, რომლის აღწერის მიხედვითაც, ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის კრედიტ-ოფიცერს ესაუბრება. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც შაბათის ფორმულამ გადაიღო, წერია, რომ ხმის ნიმუშები იდენტურია. საქმის მასალების მიხედვით, კიდევ ერთი ძირითადი მტკიცებულება AKM-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიის მასრაა. პროკურატურის მტკიცებით, სროლის ადგილსა და სახლში ამოღებული ტყვიის მასრები იდენტურია. ბადრი ესებუა ამტკიცებს, რომ მას სახლში AKM-ის მასრა სამართალდამცველებმა მიიტანეს, დადეს და შემდეგ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ადვოკატი ამბობს, რომ 8-ტომიან საქმეში ესებუას წინააღმდეგ სხვა მტკიცებულება არ არსებობს. არაა გამორიცხული ესებუას დაცვამ ალტერნატიული ექსპერტიზები მოითხოვოს, მათ შორის თვალის, სუნისა და დნმ-ის.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის 500 000 დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებისგან მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ავთო გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ნიღბიანმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჯერ მდინარით, შემდეგ კი ტყის გავლით დატოვა. თავდასხმიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი ყოფილი ჯარისკაცი, ბადრი ესებუა იყო.

დაკავებული ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ნომერ მესამე, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს.


close დახურვა