logo
ENG



მეუფე გრიგოლი კარტოგრაფებზე: თუ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით გაასამართლებენ, გული დამწყდება

11 ოქტ 202013:23
3 წუთის საკითხავი
 

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ დავითგარეჯას და დაკავებული კარტოგრაფები საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სინოდი ამ საკითხზე სხდომაზე იმსჯელებს. ეპისკოპოსის თქმით, საქმესთან დაკავშირებით მან მხოლოდ ის იცის, რაც მედიით ვრცელდება.

მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება ერთია და ის "ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს". 

"მედიებიდან მიღებული ინფორმაციით ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს. დღეს და ახლა ამ წუთას ერთადერთი რაც მე ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა",-აცხადებს მეუფე გრიგოლი.

რაც შეეხება დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს საზიანოდ მოქმედებდნენ - ეპისკოპოსი გრიგოლი ამბობს, რომ მან არ იცის, რა მოტივები და საფუძვლები აქვს არქიმანდრიტს. 

"მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ყვება, არის უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება", - აცხადებს მიტროპოლიტი.

დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა კარტოგრაფების წინააღმდეგ. 

დღეს, 11 ოქტომბერს დავით გარეჯის საქმეს გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ის, ერთი მხრივ ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, იქვე მიუთითებს, რომ საქმე ეხება არა კონკრეტული ადამიანების ღალატს, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებას. ხოლო "ვინ არის მოღალატე, სახელებს, ადრე თუ გვიან, ყველა გავიგებთ". 

ახალქალაქელი ეპისკოპოსი არ არის ერთადერთი საპატრიარქოდან, რომელიც დავითგარეჯას საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით სიტყვა "ღალატს" იყენებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კომისიის მუშაობას არაერთხელ უწოდა მოღალატეობრივი. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ. 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 


close დახურვა