logo
ENG



მეუფე იაკობი ომბუდსმენს ხვალ, 17 ივნისს შეხვდება

16 ივნ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული მმართველის, მეუფე იაკობისა და ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ისინი თბილისში, 11 საათზე საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეხვდებიან ერთმანეთს.

"ხვალევე შევხვდები საპატრიარქოს უნივერსიტეტში. ვაჩვენებ, რა მაქვს გაკეთებული, იქაც ხელმძღვანელი ვარ და რას ვაპირებ აქ", - უთხრა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს. 

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას ჯერ თბილისში შეხვდება და დაელაპარაკება.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა