მეუფე იაკობი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა. ვის შეხვდა ყოფილი ქორეპისკოპოსი ამ დროისთვის უცნობია, მან იქაურობა კომენტარის გარეშე დატოვა. სასულიერო პირების ნაწილი აღნიშნავს, რომ იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, გამოძიება პროკურატურამ არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ეს სეკულარული სახელმწიფოა.
მამა თომა ცეცხლაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კითხვები ყველას აქვს და მათ პასუხები გაეცემა.
„თქვენ ხართ ჟურნალისტები, მაგრამ ემსასხურებით საზოგადოებას, ისევე როგორც ჩვენ სასულიერო პირები და ეს კითხვები ყველას გვაქვს, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,“ - განაცხადა მამა თომა ცეცხლაძემ
მამა გიორგი თევდორაშვილი კი აღნიშნავს, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ჯობს სინოდის სხდომას დაველოდოთ.
„რაც იქნება გაიგებთ. ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში და ვერც სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმეებში. ჯობია სინოდის სხდომას დაველოდოთ,“ - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.
ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა სასულიერო პირთა ნაწილი აღნიშნავს რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.