logo
ENG



მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს

28 ოქტ 201919:32
3 წუთის საკითხავი
 
zeul5q50s413avr.png

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს. გადაწყვეტილება სასულიერო პირმა პოზიციის დათმობის შესახებ იმ გახმაურებული განცხადებების შემდეგ მიიღო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, პატრიარქის ჩამოშორებას ან ლიკვიდაციას უკავშირდება. მეუფე იაკობმა ქორეპოსკოპოსის თანამდებობა პატრიარქთან 1-საათიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა - ბრძანება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კათოლიკოს პატრიარქისა და მისი ყოფილი მრჩევლის  შეხვედრის დეტალებზე არცერთ მხარეს უსაუბრია.

მეუფე იაკობმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ, პატრიაქრის  შეცვლის საკითხი განიხილებოდა. რა გზით უნდა მომხდარიყო პატრიარქის გადაყენება - ამაზე ყოფილ ქორეპისკოპოსს აღარ უსაუბრია. 

სასულიერო პირების ნაწილმა საგამოძიებო ორგანოებს მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. თუმცა, საგამოძიებო ორგანოები იაკობის განცხადებით ამ დრომდე არ დაინტერესებულან. მეუფე იაკობის ბრალდებებზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. საპატრიარქოს პრეს-მდივანი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოში არაა, თუმცა, მისი ინფორმაციით, სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. 

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია უტაქტოს უწოდებს მეუფე იაკობის განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ იაკობი საკუთარი სურვილით არ დატოვებდა თანამდებობას, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღებას პატრიარქს თავად მღვდელმთავრები თხოვდნენ.

„ძალიან უტაქტო გამოსვლა იყო, ეს არ არის ჩვენი მეტყველება,“ - განაცხადა ანანიამ. 

„ფორმულასთან“ საუბარში ეკლესიაში შექმნილ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებენ თეოლოგები. მათი განცხადებით, იაკობი  მღვდელთმსახურებიდანაც უნდა გათავისუფლდეს. ვინ გახდება პატრიარქის ახალი მრჩეველი - ქორესპისკოპოსის კანდიდატურაზე სავარაუდოდ სინოდის სხდომაზეც იმსჯელებენ, რომელიც წლის ბოლოდე უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. იქამდე კი მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მაშინდელი პრიემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.


close დახურვა