logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ყურმოკვრით ღალატში ბრალის დადება არასწორი საქციელია, პროკურატურას ვენდობი

14 ოქტ 202014:08
3 წუთის საკითხავი
clock 765

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მისთვის, პირადად, გაუმართლებელია "ჟურნალისტების მხრიდან" დაკავებული კარტოგრაფების დადანაშაულება ღალატში, თუმცა, ამასთან ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას ენდობა. მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ჟურნალისტურ გამოძიებას გულისხმობს.

"როდესაც ადამიანი პატიმრობაშია, ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე. უნდა გავყოთ კრიმინალური და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. თქვენ, ჟურნალისტებს, არავითარი წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე არ შეიძლება გქონდეთ. მე ვამბობ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო, ეს ვერ იქნება საჯარო. როდესაც ადამიანს სახელმწიფო ღალატში სდებთ ბრალს, სახელმწიფო ღალატში, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებლად.

პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ მათგან ვერ გვექნება ინფორმაცია, სანამ ძიება არ დასრულდება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

დაკავებულ კარტოგრაფებზე განსხვავებული პოზიციები გამოხატეს სინოდის სხვა წევრებმა. დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ჟურნალისტებთან საუბარში ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, მან ვერ გაიგო, თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.

"სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, რომ - ველოდებით გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე, რა ხდება", - განაცხადა მელქისედეკმა.

მანამდე, ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა თქვა, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები "ასე გავწიროთ","ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით".

"ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ეს ხალხი, არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდეც [პოლიტიკური კონტექსტი]", - თქვა მიტროპოლიტმა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულებს გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

ამასთან, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა