ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.
მისი თქმით, კლინიკაში უთხრეს, რომ სააკაშვილს კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაუტარონ და პასუხის მიხედვით მოიქცევიან. სააკაშვილს კორონავირუსი 24 იანვარს დაუდასტურდა.
"ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და დაუდასტურდება თუ არა, იმის მიხედვით [მოიქცევიან], მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, ადამიანი ავად რომ არის, მაშინ უნდა ადამიანს ზიარება და გამოჯანმრთელება. 30 წელიწადზე მეტია ამას ვაკეთებ და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, ჩემთვის არასდროს არ უთქვამთ უარი ავადმყოფის ზიარებაზე", - თქვა მან კლინიკასთან.
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზეც ისაუბრა:
"ჯვარი სწერია, მაგრამ ფატალურად რომ დასრულდეს ეს ამბავი, მე ვფიქრობ, რომ ამ ლაქას ჩვენი ქვეყანა დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს. ადამიანს აქვს უფლება, იცოცხლოს და თუ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უცხოეთში უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.