logo
ENG



მეუფე სტეფანე: ცრუ პეტრეს და მის ამფსონებს სასულიერო პირებად ვერ ვხედავ, უნდა მოინანიონ

28 მარ 202113:49
3 წუთის საკითხავი
clock 1004
მეუფე სტეფანე: ცრუ პეტრეს და მის ამფსონებს სასულიერო პირებად ვერ ვხედავ, უნდა მოინანიონ

ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი მასთან დაპირისპირებაში მყოფ სასულიერო პირებს სინანულისკენ მოუწოდებს.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა თქვა, რომ მეუფე პეტრე ცაავა და მისი თანამოაზრეები ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხდნენ - მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის ამ საკითხზე სინოდსაც მიმართავს.

„სასულიერო პირებს ჩემს იურისდიქციაში ვაძლევ ერთ კვირას, მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ თავისი საქციელი, ამბოხში მონაწილეობა. ვინც ამას არ გააკეთებს, ის, რაც ჩემზეა დამოკიდებული, იმას გავაკეთებ. ცრუ პეტრეს და მის ამფსონებს ვერ ვხედავ სასულიერო პირებად, თუ არ მოინანიებენ. თუ მოინანიებენ, მერე შეიძლება ყველაფერი მოხდეს სასიკეთოდ. უკვე ზღვარს გადააცილეს, ამიტომ მათ საკითხს წმინდა სინოდის წინაშე ვაყენებ.

ცრუ პეტრემ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, განხეთქილება შემოაქვს და ეს არის დიდი დანაშაული, საშინელი დანაშაული. არის პირდაპირი მოწოდება სა,ღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილონ ეკლესიას და წმინდა სინოდს. ამ განხეთქილებას ეპარქიაში არ დავუშვებ", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

2021 წლის მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა სტეფანემ  პეტრე ცაავასთან დაახლოებულ 2 დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეურჩერა

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა