ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამ მიზნით, მეჭიაური მერის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. თიანეთის მერი მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, მისი პარტია "ერთიანი საქართველო" კი პროპორციულ ნაწილში პარტიული სიითაც მიიღებს მონაწილეობას.
"ფაქტობრივად, დატოვებული მაქვს მერის თანამდებობა, უბრალოდ ჯერ შვებულებას ვიყენებ და სადღაც, 20 სექტემბრის შემდეგ, 25-კენ გამოვალ და გადავდგები", - ამბობს მეჭიაური "ფორმულასთან" საუბრისას.
თამაზ მეჭიაურმა მმართველი პარტია 2016 წლის მაისში, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი მეჭიაურმა სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხა და თიანეთის მერი გახდა.
მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ოლქში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი შალვა კერესელიძეა. აღნიშნულ ოქლში ოპოზიციური კანდიდატების სრული სია იხილეთ აქ.