მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, 112-ზე შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო.
სამსახური აცხადებს, რომ ადგილზე უმოკლეს დროში რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მივიდა.
ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ, მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.
გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.