გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს.
ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო ხაზი ამ ადგილას გაივლის, ორი სახლი, შესაძლოა, ოკუპირებულ მხარეს აღმოჩნდეს.
სოფელ მეჯვრისხევში ჩავიდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებს ახალი გეგმა აქვთ, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით 209კვ/კმ-ს დაკარგავს.
"საოკუპაციო რეჟიმმა ახალი გეგმა წარმოადგინა. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ახალ გეგმის შემადგენელ ნაწილად., რომლის განხორციელების შემთხვევაში საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დამატებით 209კვ/კმ-ს წაართმევს.
რაც შეეხება მეჯვრისხევს, აქ სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად დაძაბულია. ზუსტად ავიღებთ კოორდინატებსაც და შევეცდებით, ამ გეგმის ჭრილში შევხედო ყველაფერს, თუმცა ჯერ კირბალი, ახლა მეჯვრისხევი, შემდეგი შესაძლებელია ბერშუეთი აღმოჩნდეს და კვლავ ვხედავთ,რომ ხელისუფლებად არანირი რეაგირება არ აქვს.", - ამბობს ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება "გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები".
"ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე", - ამბობენ უწყებაში.