ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიძიოს მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ მუქარა და ქონების დაზიანების ფაქტი.
საქმე ეხება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 6 მარტს ჟურნალისტ ემა გოგოხიას მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი დაემუქრა და ქვეყნიდან წასვლისთვის ფულიც შესთავაზა, მომდევნო დილით კი მანქანის ოთხივე საბურავი დაზიანებული დახვდა.
მთავარი არხი ამბობს, რომ მერის გაღიზიანება გოგოხიას ჟურნალისტურ საქმიანობას მოჰყვა - გოგოხია მისი მონაწილეობით კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავებაზე მუშაობდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.
ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი. ქარტია გმობს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
შსს-მ გამოძიება მუქარის და სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.